როგორ ავარჩიოთ კლასიკური გიტარა - ყიდვისას

classic-guitar-archeva

 კლასიკური, ანუ ნეილონის სიმებიანი გიტარა არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული პროფესიონალი მუსიკოსის მიერ,თუმცა რეკომენდირებულია დამწყებთათვის და ასევე მოყვარულებისათვის. მსგავსი ტიპის ინსტრუმენტს შეიძლება შეხვდეთ ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში, თუმცა აღმოჩნდება, რომ მეპატრონე მოგვიანებით ან შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ინსტრუმენტი არის დაბალი ხარისხის, ან ქარხნული "ბრაკი ",  მაგრამ ამაზე ფიქრი დაგვიანებულია, რადგანაც ფულიც გადახდილია და ერთი შეხედვით ინსტრუმენტსაც არაფერი  სჭირს.

რისი ცოდნაა საჭირო, რომ არ მოვტყუვდეთ კლასიკური გიტარის შეძენისას?!

პირველ რიგში მარტივი აქსიომაა, ამ დარგში არ არსებობს  იაფიანი და ხარისხიანი, ამიტომ თუ ჩვენ ცნობილი ბრენდის ორიგინალ ინსტრუმენტს შევიძენთ, მაშინ თითქმის დაზღვეულები ვართ უსიამოვნო სიურპრიზებისაგან, მაგრამ რა ვქნათ როცა ჩვენი პატარა იწყებს გიტარის პედაგოგთან სიარულს და გვჭირდება ერთი რიგითი გიტარა, ან მოგვინდა ძველი ინსტრუმენტის შეცვლა ახლით, მაგრამ არ ვართ ამ საქმის პროფესიონალები. როდესაც მივდივართ კლასიკური - აკუსტიკური და ზოგადად გიტარის შესაძენად, პირველ რიგში უნდა დავათვალიეროთ ვიზუალურად, რომ გიტარას არ ჰქონდეს გარეგნული დეფექტი, ლაქირება არ უნდა იყოს დაზიანებული, რადგანაც ეს გარკვეულ წილად მოქმედებს ჟღერადობაზე. შემდეგ გიტარა უნდა ააწყოთ სტანდარტულ ტონალობაში და თითოეულ ლადს დააჭირეთ თითი ყველა სიმზე, პირველი ლადიდან  გრიფის ბოლომდე, დარწმუნდით რომ ნოტები თანამიმდევრულად იცვლება და ლადები არ არის დაზიანებული. ახალი გიტარა გასინჯვის პროცესში შეიძლება რამდენჯერმე აგეშალოთ, ეს ნუ შეგაშინებთ, ააწყვეთ თავიდან და გააჟღერეთ თუნდაც რამოდენიმე აკორდი გრიფის სხვა და სხვა მონაკვეთში, რათა დარწმუნდეთ, რომ გიტარას კარგი წყობა აქვს.

 

 დააკვირდით, რომ სიმები გრიფისაგან არ იყოს ძაან დაცილებული და გრიფის შუა და ბოლო მონაკვეთშიც ნოტების აღება იყოს ადვილად შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სიმები მაღლა დგას გრიფიდან, არის ორი მიზეზი: ერთი ის, რომ კლასიკურ გიტარას უკანა ჯორაკი აქვს  ყოველთვის მაღალი იმისთვის, რომ მყიდველმა შემდეგ სურვილისამებრ ''დაადაბლოს'' და დაწიოს სიმები თავისი გემოვნებით, თუმცა ამისთვის კარგად უნდა ერკვეოდეთ გიტარის აგებულებაში, რომ ეს თქვენ თვითონ შეძლოთ. მეორე მიზეზი კი შიეძლება იყოს თვითონ გიტარის გრიფი. ამ პრობლემის შველა კი ძალზედ ძნელია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი. მიზეზი ყოველთვის არის ნედლი ხე და დაბალი ხარისხის ხის მასალა. ამიტომ ამის გამოსარიცხად უნდა ვიცოდეთ შემდეგი:

სტანდარტულ ტონალობაში აწყობილი გიტარის უკანა მხარე მიიდეთ მხარზე ვერტიკალურად და გახედეთ გრიფის სისწორეს, ისე თითქოს იყურებით მიზანში. გრიფის ზედაპირი უნდა იყოს სწორი. ასეთი დაკვირვებით თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ, თუ გიტარის გრიფს აქვს მუცელი, ან არის ჩაზნექილი. თუ მსგავსი დეფექტი შენიშნეთ, ეს ნიშნანვს, რომ არ ღირს ამ ინსტრუმენტის შეძენა.

ასეთი პროფესიონალური ნიუანსების ცოდნით, ადრე თუ გვიან, თქვენ აუცილებლად მიაგნებთ თქვენთვის სასურველ ინსტრუმენტს თქვენთვის სასურველ ფასში.

 

ნ. ანდღულაძე

სატესტო სათაური
გიტარის ისტორია